English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილი
კონკურენტუნარიანობისა და შემოსავლიანობის ამაღლების გზები ქართულ აგრარულ სექტორში

სტატია მომზადებულია სსიპ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ახალგზარდული გრანტის YS-2016-23 ფარგლებში.

რეზიუმე. სტატიაში მოცემულია ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საქართველოს აგრარულ სექტორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად-შევისწავლეთ მცირე და საშუალო ფერმერების განწყობა ფერმერული გაერთიანებების, კოოპერატივების, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამებისა და განვითარების პრობლემების შესახებ. ნაშრომში აღწერილია, როგორ აღიქვამენ ფერმერები ზემოაღნიშნულ ინიციატივებს. ბოლოს წარმოდგენილია ჩვენი აზრით აუცილებელ ღონისძიებათ ნუსხა, რაც გამოიწვევს აგრარული სექტორის სწრაფ განვითარებას, ფერმერთა ჩართულობის ამაღლებას და მკვეთრად გაზრდის რეგიონში მცხოვრებთა შემოსავლებს, შეამცირებს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვს და გამოათავისუფლებს საბიუჯეტო სახსრებს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად სტიმულირებისათვის. 

საკვანძო სიტყვები: ბიოწარმოება, კოოპერატივი, აგრო-ექსპორტი 

შესავალი

ექსპორტის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში არავისთვის სადაო არ არის, ვფიქრობთ, ნებისმიერი ქართველი ეკონომისტისათვის შემაშფოთებელია საერთაშორისო ვაჭრობაში საქართველოს მზარდი უარყოფითი სალდო. შედარებითი უპირატესობის მიხედვით საქართველოს შეუძლია კონკურენტუნარიანი გახდეს აგროსასურსათო პროდუქტების წარმოების მიხედვით.[1, გვ 6] მაგრამ დღეისათვის აგროსასურსათო სექტორში პროდუქტების უმეტესობა  არაკონკურენტუნარიანია[2]  და   მწარმოებელთა 62%_ის აზრით, ამ სექტორში კონკურენციის გაწევა რთულია[3, გვ 103].  ამავე დროს, ევროპისა და აზიის ქვეყნებში საკმაოდ მაღალკონკურენტული სასურსათო  ბაზრები ფუნქციონირებს.  ამიტომ,  ნებისმიერი ქვეყნისთვის, ასევე მწარმოებლისთვის  მთავარი ამოცანაა ბაზრისათვის  კონკურენტუნარიანი პროდუქტის მიწოდება[4. გვ1].  რამდენადაც ყველაზე ეფექტიანი მოდელების განვითარებისთვისაც კი, აუცილებელია  არსებობდეს ძალა, რომელსაც სურს ამ გეგმაში მონაწილეობა და მისი განხორციელება, გამოვიკვლიეთ ქართველი ფერმერების განწყობები და შეხედულებები აგრარული სფეროს პრობლემებზე, კოოპერაციასა და ექსპორტის შესაძლებლობებზე.  ჩამოვაყალიბეთ შემდეგი ქვეამოცანები: (კვლევის მიზანი):

1. დარგის ძირითადი სამუშაო ძალის- სოფლად და რეგიონებში მცხოვრების გლეხებისა და ფერმერების კვლევა. მათი განწყობების და შეხედულებების ანალიზი.  ამ კვლევამ მოგვცა ინფორმაცია რეგიონებში მოსახლეობის განწყობის შესახებ, უკვე განხორციელებულ პროექტებზე მათი შეხედულებების, ძლიერი და სუსტი მხარეების, სახელმწიფოსთან თანამშრომლობის სტიმულატორების და დამაბრკოლებელი ფაქტორების შესახებ. გარდა ამისა, ფოკუს-ჯგუფზე გამოვლინდა ახალი ტიპის სირთულეები და შესაძლებლობები;

2. მთავრობის მიერ უახლოეს წარსულში განხორციელებული აგრარული პროექტების შედეგების გამოკვლევა. ძირითადი სირთულეებისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა.

აღნიშნული საკითხის შესახებ ფაქტობრივად აქამდე არ განხორციელებულა ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევა. ამ კვლევის შედეგად მივიღეთ ძალიან ფასეული ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად ეფექტიანად რეაგირებს საზოგადოება და ფერმერები მთავრობის ინიციატივებზე, პროექტების რომელი კომპონენტი იყო უფრო ეფექტიანი და რამდენად იყო ის გამოყენებადი ქართულ რეალობაში.

 კვლევის მეთოდად გამოვიყენეთ მარკეტინგული კვლევის მეთოდები:

  • რეგიონებში ფერმერების გამოკითხვისათვის გამოვიყენეთ რაოდენობრივი  კვლევის ინტერვიუირების მეთოდი. თითოეულ რეგიონში შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა 10-10 ფერმერი/გლეხი.
  • ჩატარდა 5 ჩაღრმავებული ინტერვიუ ფერმერთა გაერთიანებების წარმომადგენლებთან.
  • დავამუშავეთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული არაერთი სტატია, ფერმერთა ბლოგები, ჯგუფური დისკუსიები და ა.შ.
  • ჩავატარეთ ფოკუს-ჯგუფი, სადაც მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა აგროპროდუქტების მწარმოებელი 80-მდე ბიოფერმერი. განვიხილეთ კონკრეტულად ამ მიმართულების ძლიერი და სუსტი მხარეები, ექსპორტის მიმართ დაინტერესება, სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობა და სხვა პრობლემური საკითხები.

კვლევის ძირითადი მიგნებები

გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო ტენდენცია: დღესდღეობით აგრარულ სექტორში წვრილი და ნაწილობრივ საშუალო (დაახლოებით 5-10 კაცს ასაქმებენ სეზონურად) ფერმერები არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონში და მამა-პაპის მიწებს ამუშავებენ (46%) ან ცხოვრობენ დედაქალაქში და ცდილობენ რეგიონში ააწყონ აგრობიზნესი(34%). მხოლოდ 15%--ია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ და დაქირავებულ მუშა-ხელს ან მიწას იყენებენ. მკვეთრად განსხვავდება ამ სეგმენტების მიდგომაც ისეთი ფუნდამენტური საკითხების მიმართ, როგორიცაა ახალი ცოდნის შეძენა, სახელმწიფოს დახმარება და ა.შ.

ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც მამა-პაპის მიწებს ამუშავებენ, არ ცდილობენ მოწეული პროდუქციის ხარისხის ამაღლებას (უფრო ხშირად დაფიქსირდა პასუხი, „ესაა რის მოყვანასაც ვახერხებ“ ), არ არიან დაინტერესებული ექსპორტით ან მიაჩნიათ რომ ეს ფუფუნებაა, რომელსაც „ვერ შესწვდებიან“, ყველაზე კარგ შემთხვევაში კი უნდათ, რომ ტურისტებს მიჰყიდონ თავიანთი საქონელი. ამბობენ, რომ მათთვის ცნობილია სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების და იაფიანი აგრო-კრედიტის შესახებ, თუმცა უმეტესობას არ უსარგებლია.  ამის მიუხედავად, კითხვაზე, „თქვენი აზრით, როგორ უნდა დაგეხმაროთ სახელმწიფო ისე, რომ თქვენი ფერმა წარმატებულ ბიზნესად იქცეს?“ გვპასუხობდნენ, რომ უნდა გაუწიონ სუბსიდირება, დაეხმაროს სახელმწიფო მოწეული პროდუქციის ჩაბარებაში. შეზღუდოს პროდუქციის იმპორტი თურქეთიდან ან დაუწესოს გადასახადები ფასის გასათანაბრებლად და ა.შ.

სრულიად განსხვავებული სურათია იმ ადამიანების პასუხებში, რომლებიც თბილისიდან რეგიონებში ეწევიან აგრარულ ბიზნესს (რაც ალბათ ლოგიკურიცაა. ამ ადამიანებმა წინასწარი გათვლით და გაცნობიერებულად დაიწყეს აგრარული ბიზნესი და ცხადია, მეტად „კომერციული“ დამოკიდებულება აქვთ საქმის მიმართ).

კითხვაზე, „როგორ შეაფასებდით თქვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას“, პასუხები ასე გადანაწილდა(იხ. დიაგრამა 1):

დიაგრამა 1

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათმა უმეტესობამ ბიზნესი არც თუ დიდი ხნის წინ დაიწყო (იხ. დიაგრამა 2): 

 დიაგრამა 2

 

შესაბამისად, ბევრ მათგანს ჯერ მოგება არც კი მიუღია, მაგრამ მაინც თვლის, რომ წარმატებას მიაღწევს. თავისი საქმიანობა მათ თავად ასე შეაფასეს(დიაგრამა 3): 

დიაგრამა 3

 

როგორც ვხედავთ, გამოკითხულთა არც თუ მცირე ნაწილი - 21% აწარმოებს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის, რამდენადაც მისთვის საჭირო, უსაფრთხო პროდუქტი უბრალოდ არაა ბაზარზე. დიდია იმ ადამიანთა რიცხვიც(27%), რომლებიც თვლიან, რომ აგრარული წარმოება იმდენად მცირე მოგებას უტოვებს, რომ არ აძლევს ღირსეულად ცხოვრების საშუალებას, ამიტომ აქვთ სხვა, დამატებითი შემოსავალიც. მხოლოდ 20%-მდეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც წარმატებული აგრობიზნესი აქვთ და იღებენ სტაბილურ, ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო შემოსავალს ამ ბიზნესისგან.

კიდევ ერთი ტენდენციაა ის, რომ თითქმის ყველა კითხვარში დაფიქსირდა რამოდენიმე პასუხი კითხვაზე-„ აგრარული სექტორის რომელ დარგში მოღვაწეობთ“. როგორც ჩანს, ადამიანები მინიმუმ 2-3 დარგის კომბინირებულად მოვლას ცდილობენ.

ჩვენთვის მოულოდნელი იყო კოოპერატივების შესახებ კითხვებზე მიღებული პასუხები: კითხვაზე, „ხართ თუ არა გაწევრიანებული კოოპერატივში?“ პასუხები ასე გადანაწილდა(იხ. დიაგრამა 4):

დიაგრამა 4

 

მკვეთრად უარყოფითია იმ ადამიანების პოზიციაც, ვინც უკვე არიან კოოპერატივის წევრები.  ისინი აღნიშნავენ, რომ კოოპერატივში გაწევრიანებამ არ გაუადვილა რეალიზაციის პროცესი, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა მათთვის. დაახლოებით 10% თვლის, რომ მხოლოდ წარმოების პროცესი გააადვილა კოოპერატივმა. აბსოლუტური უმრავლესობა, 56% კი მიიჩნევს, რომ დიდი განსხვავება არაა და მათთვის არაფრისმომცემია კოოპერატივი.

ვფიქრობთ, ბევრის მანიშნებელია ის ფაქტიც, რომ გამოითხულთა 80%-ს სმენია და იცნობს სახელმწიფო პროგრამებს.  მათგან ყველაზე ხშირად დასახელებულია:

  • „აწარმოე საქართველოში“,
  • „დანერგე მომავალი“
  • იაფი აგროკრედიტი
  • კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა

თითქმის არავის დაუსახელებია „აგროდაზღვევის პროგრამა“, მაგრამ აშკარაა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა კარგად იცნობს მას. კითხვაზე, „იცით თუ არა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის შესახებ?“ პასუხები ასე გამოიყურება(იხ. დიაგრამა 5):

დიაგრამა 5

 

მხოლოდ 9%-ია კმაყოფილი დაზღვევით. დანანრჩენები ან ვერ ინაზღაურებენ, ან იციან, რომ მეზობელმა ვერ აინაზღაურა, ან უბრალოდ თვლიან, რომ არ სჭირდებათ დაზღვევა.

ანალოგიური მდგომარეობაა პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ირგვლივ. 44% მიიღო მონაწილეობა და ვერ მოიპოვა დაფინანსება, 27%-მა „იცის რომ აზრი არ აქვს“ და ამიტომ არ შეაქვს პროექტი.  16% ფიქრობს, რომ შეიძლება ცდა, მაგრამ არ სცალია ამ ეტაპზე და მხოლოდ 7% კმაყოფილი აღნიშნული პროგრამით.

კვლევის ერთ-ერთი მიმართულება იყო ექსპორტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. კითხვაზე „ხართ თუ არა დაინტერესებული ექსპორტით“, პასუხები ასე გადანაწილდა(იხ. დიაგრამა 6):

დიაგრამა 6

 

როგორც სურათზეც ჩანს, ჩვენს რესპონდენტებში არ აღმოჩნდა არცერთი ექსპორტიორი, მეტიც-დაახლოებით 30% სხვადასხვა მიზეზით არაა დაინტერესებული ექსპორტით. 40% სურს თავისი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანა, მაგრამ სხვადასხვა გარემოებების გამო ვერ ახერხებს ექსპორტირებას და მხოლოდ 30% აცხადებს,რომ დაინტერესებულია და ემზადება საექსპორტოდ.

მათთვის, ვინც დაინტერესებულია და ვერ ახერხებს ექსპორტირებას, ხელისშემშლელი ფაქტორები ასეთია (იხ. დიაგრამა 7):

დიაგრამა 7

 

დასკვნა

როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, დღეს მცირე და საშუალო ფერმერები არ არიან მზად ჩაერთონ და ეფექტიანად გამოიყენონ სახელმწიფო ინიციატივები, საგრანტო პროექტები და სხვა აქტივობები. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ყველა დღემდე არსებული მხარდამჭერი პროექტით სარგებლობენ საშუალო და მსხვილი ფერმერები. ანუ ისინი, ვისაც ჰქონდა გარკვეული ბეზნეს-საქმიანობა და მათი გაფართოება სურდათ. თეორიულად, ეს სულაც არაა ცუდი და შესაძლოა, ერთი მხრივ კარგიც იყოს, მაგრამ რეალური შედეგის მიღწევა, მხოლოდ მასშტაბის ეფექტითაა შესაძლებელი და ამისათვის საჭიროა ისედაც მცირე სასოფლო-სამეურნეო მიწები სრულად ჩაერთოს წარმოებაში. ამიტომ ვფიქრობთ, გასაუმჯობესებელია კომუნიკაცია წვრილ და საშუალო ფერმერებთან, რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან და აგრომწარმოებლებთან. იმისთვის, რომ ეს ადამიანები მასობრივად ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში, მათ სჭირდებათ:

  • მეტი ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე.
  • არა ზოგადი ტრეინინგები ბიზნესგეგმის წერის ტექნიკაზე, არამედ რეალურად „საქმეში ჩახედული“ კონსულტანტები, რათა დაეხმარონ მათ იურიდიული ფორმის შერჩევაში, წარმოების დაგეგმვაში(აგრარული კონსულტანტი) და სხვა.

გარდა ამისა, ჩვენს მიერ ჩატარებული ემპირიული კვლევისას გამოიკვეთა კიდევ ერთი ხარვეზი- სახელმწიფოს მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტები, რომლებსაც რეალურად ერთი და იგივე მიზნობრივი სეგმენტი ყავთ, მოითხოვენ განსხვავებული იურიდიული ფორმით რეგისტრაციას. რაც კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას იწვევს გლეხებში და აძლიერებს მათ გაუცხოებას საერთო ინიციატივებისგან.

აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა მელიორაციის და აგრო-სპეციალისტების პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენს კვლევაშიც ყველზე დასახელებადი და მნიშვნელოვანი პრობლემები იყო: აგროტექნიკა, მელიორაცია და სპეციალისტების არარსებობა.

აუცილებელია ფერმერები დავარწმუნოთ კოოპერირების აუცილებლობაში და აგრეთვე დასახვეწია გაერთიანებების ფორმები და საშუალებები.

ყველაზე მთავარია,  მოხდეს საქართველოში შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების მოხმარების კონტროლი და ქვეყნის განვითარების გზად ავირჩიოთ მაღალხარისხიანი ბიო(ორგანული) პროდუქტების წარმოება, რომლის ექსპორტირებასაც მოვახდენთ ევროპულ ბაზარზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ევროკავშირში პროდუქციის დღესვე ექსპორტირება, ამის დასტურია ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები და სწორედ ამიტომაა აუცილებელი ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მომხმარებელზე ორიენტირებული წარმოების განვითარება. ევროპელი მომხმარებელი გარკვეულია პროდუქციის ხარისხის სტანდარტებში და ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტად იზრდება ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტებზე მოთხოვნა. ეს კი არც თუ ისე სწრაფად ათვისებადი ბაზარია, რადგან სუფთა პროდუქციის მოყვანის რესურსი შეზღუდულია. რაც, ჩვენი აზრით, კონკურენტული უპირატესობა შეიძლება გახდეს საქართველოსათვის. ჩვენ დღესვე ვერ შევძლებთ პროდუქციის ექსპორტირებას ევროპაში, მაგრამ სწორი აგრარული და საექსპორტო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ეს სავსებით რეალური, სტაბილური და მომგებიანი ნიშა იქნება ქართული პროდუქტისათვის.

ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები გარემოს დაცვის კუთხით, (განსაკუთრებით პრობლემურია სარწყავი წყლის დაბინძურების საკითხი); უნდა მოხდეს ორგანული მწარმოებლების წახალისება. მწარმოებელი ყოველთვის მოწადინებულია, მიიღოს მაქსიმალური შემოსავალი და საკუთარი შრომით ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა.იგი  უარს არც საკანონმდებლო დონეზე დაცვისგან იტყვის, თუ მის კონკურენტებს ხელოვნურად შეზღუდავენ, მაგრამ თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, მომხმარებელთა ინტერესები და საერთაშორისო ეკონომიკური კავშირები, პირიქით, ფართო და თავისუფალი კონკურენციის პრინციპების გატარების აუცილებლობის წინაშე აყენებს მთავრობას. თუმცა, ევროპის აგრარული პოლიტიკის განვითარების ისტორია ადასტურებს, რომ საწყის ეტაპზე გარკვეული სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე რეცესირებული დარგის განვითარების და საბაზრო, კონკურენტუნარიან მწარმოებლად გარდაქმნის შესაძლებლობა ფაქტობრივად არ არსებობს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია იმ "ოქროს შუალედის" პოვნა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ადგილობრივი წარმოების სტიმულირება და ფერმერთა ინტერესების დაცვა საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით და უცხოელ პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად.

ნებისმიერი ეკონომიკისათვის აგროწარმოების განვითარება უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ექსპორტის სტიმულირებისათვის და უარყოფითი საერთაშორისო სავაჭრო ბალანსის დაძლევისათვის, ვფიქრობთ, ,აუცილებლად  მოხდეს არა მხოლოდ ნედლეულის, არამედ უკვე გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტირება. ნედლეულის არსებობა თავისთავად ქმნის გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებისათვის საჭირო ნიადაგს, მაგრამ საწყის ეტაპზე აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ნედლეულის ფასი: მწარმოებელს სურს იაფი ნედლეულის მოპოვება, ფერმერს კი ისეთი შემოსავლის მიღება, რომ ღირსეულად ცხოვრება შეძლოს. სწორედ ამ შემთხვევაშია აუცილებელია სახელმწიფო სუბსიდირება. გონივრულ მინიმუმამდე თანხის შევსება. ეს, ერთი მხრივ, გამოიწვევს წარმოების მოცულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, ფერმერების სტიმულირებას წარმოების გაფართოებისა და თვითღირებულების შემცირებისაკენ.

ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობა უნდა განხორციელდეს გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარებისათვის განხორციელებული აქტივობებისათვის ფერმერის ფულადი კომპენსაციით, პესტიციდებისა და ქიმიური სასუქების გამოუყენებლობისათვის პრემიების დაწესებითა და, რაც მთავარია, მოწეულ ნედლეულზე მაღალი სუბსიდირებული ფასის დაწესებით.  სუბსიდირებული ფასი უნდა დაწესდეს იმ პროდუქტებზე, რომლებსაც გააჩნიათ საექსპორტო პოტენციალი. გადაწყვეტილება ფასის დაწესების შესახებ მიღებულ უნდა იქნეს სპეციალური კვლევების და ასოციაციების მოთხოვნის საფუძველზე. გარდა ამისა, ფასის ანაზღაურება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ გადამამუშავებელ საწარმოში ნედლეულის ჩაბარებისას. ბაზარზე გასაყიდი ფასის ფორმირება უნდა მოხდეს საბაზრო კანონების შესაბამისად.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის განხორციელება უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, გამოიწვევს დარგში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების მკვეთრ ინტენსიფიკაციას. ექსპორტის სტიმულირებისათვის აუცილებელია სახელმწიფო დაეხმაროს კერძო სექტორს წმინდა მარკეტინგული კუთხითაც და მის ხელთ არსებული ყველა არხის და რესურსის გამოყენებით მოახდინოს საქართველოს, როგორც მაღალხარისხიანი აგრარული პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნის, პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იქნება საექსპორტო პროდუქციის ხარისხის მკაცრი კონტროლი და ადგილწარმოშობის ფალსიფიკაციისაგან კომპანიების დაცვა. საბოლოოდ კი ეს ღონისძიებები გამოიწვევს აგრარული სექტორის სწრაფ განვითარებას, ფერმერთა ჩართულობის ამაღლებას და მკვეთრად გაზრდის რეგიონში მცხოვრებთა შემოსავლებს, რაც შეამცირებს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვს და გამოათავისუფლებს საბიუჯეტო სახსრებს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად სტიმულირებისათვის. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ე. ხარაიშვილი. კონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის პრობლემები საქართველოს აგროსასურსათო სექტორში. გამომცემლობა `უნივერსალი~თბილისი 2011
  2.   ე. ხარაიშვილი, ფ. მამარდაშვილი, საქართველოს აგრარული პროდუქტების კონკურენტუნაროანობის შეფასება, ჟურნალი ,,ეკონომიკა» , მაისი, 2009.
  3.  მეწარმის სამაგიდო წიგნი, მეწარმეობის მხარდამჭერი საერთაშორისო ცენტრი, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კვლევა, თბილისი, 2008, გვ.
  4. განვითარების სტრატეგიები“ https://www.researchgate.net/profile/Eteri_Kharaishvili/ publication/301204785_Competitive_Ability_of_Georgian_Hazelnut_and_Strategies_of_Production_Ability/links/ 570c950a08ae8883a1fff126/Competitive-Ability-of-Georgian-Hazelnut-and-Strategies-of-Production-Ability
  5. The Ways of Increasing Profitability and Competitiveness of Farming in The Caucasus Region on Example of Georgia Republic http://www.globalacademicinstitute.com/wp-content/uploads/2017-prague-conference-proceedings.pdf
  6. Nino Rukhaia-Mosemgvdlishvili. "How to sell"-Opportunity for small farmers to global market. International Academic Conference on Management, Economics, Business and Marketing, Vienna, Austria https://books.google.ge/books?id=K4M_DwAAQBAJ&printsec=frontcover&dq=iac+proceedings+2017&hl=ka&sa =X&ved=0ahUKEwjenrDOwfzeAhVDYVAKHdzwAYYQ6AEISzAF#v=onepage&q=iac%20proceedings%202017&f=false